ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: რომელ სფეროებს შეეხება ცვლილებები?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად წარმოადგინა ის ძირითადი ცვლილებები, რასაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა სხვადასხვა კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხება როგორც ერთსქესიანთა ქორწინებისა და სქესის შეცვლის აკრძალვას, ისე ლგბტ-პროპაგანდასა და გეი-პარადებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“. თავად კანონს დაერქმევა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
„ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოების სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
„მინდა აღვნიშნო, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ სრული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ასევე 17 მაისს გამართული მასშტაბური აქცია, ფაქტობრივად, იყო სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ზედიზედ მეათე წელია, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. აღნიშნული დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. როგორც მაშინ პატრიარქმა ბრძანა, ოჯახი არის „კაცობრიობის და სახელმწიფოს საფუძველი“. წელს დღესასწაული დაარსების დღიდან ყველაზე მასშტაბური გახდა.
რა იცვლება კონკრეტულად
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად წარმოადგინა ის ძირითადი ცვლილებები, რასაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს.
„გაგაცნობთ ძირითადად ასპექტებს, თუ რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. ეს არის 19 კანონისგან შემდგარი პაკეტი, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი", - განაცხადა მან.
პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ქორწინების საკითხი
„როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შვილად აყვანა
„დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა", - განმარტა პარლამენტის თავმჯდ9ომარემ.
სქესის შეცვლის ოპერაცია
„კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითება
„აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება", - აღნიშნა სპიკერმა.
პროპაგანდის აკრძალვა
„დაუშვებელი იქება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ", - აღნიშნა პაპუაშვილომა.
ინფორმაციის გავრცელება
„ეს მათ შორის ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ეს აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აიკრძალება მსგავსი ტიპის რეკლამა.
შეკრებები და მანიფესტაციები
„დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შრომითი ურთიერთობები
„როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ლგბტ-უფლებები საქართველოში
საქართველოში იკრძალება დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ასევე მიღებულია სპეციალური კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ფორმებს, შევიწროებას ან ნებისმიერი ნიშნით უფლებების დარღვევას.
ყველა ახალი ამბავი
0