კობახიძე: ეუთოს დასკვნას „გამჭვირვალობის“ კანონზე სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს „იმ პრინციპების მიხედვით, რომელსაც დაეფუძნა თავიდანვე ევროპული კავშირი“, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. OSCE/ODIHR-ის დასკვნა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტებს და შესაბამისად, მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი ღირებულება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ეუთოს დასკვნის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს.
„ეუთო/ოდირის დოკუმენტს აქვს ზუსტად იგივე ფასი, რაც ვენეციის კომისიის დოკუმენტს. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ჩვენ ვართ ვალდებული გავიზიაროთ მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს.
„პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა არის ცუდი, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება და გამჭვირვალობა ვერ იქნება ცუდი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს „იმ პრინციპების მიხედვით, რომელსაც დაეფუძნა თავიდანვე ევროპული კავშირი“.
ვენეციის კომისიას „გამჭვირვალობის“ კანონზე კონსულტაციებს სააკაშვილის ადვოკატი უწევდა>>
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, მოიწვიოს ნებისმიერი დიპლომატი, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ კანონპროექტის საჯარო დისკუსიისთვის.
მისი თქმით, ყველა გაურბის მსგავს საჯარო დისკუსიებს იმის გამო, რომ არ არსებობს გამჭვირვალობის საწინააღმდეგო არგუმენტები. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ საქართველოს მთავრობის ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე, ხოლო უცხოური მთავრობის ფინანსები არ იყოს გამჭვირვალე. ამის მტკიცება ნონსენსია, განაცხადა კობახიძემ.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის თანაავტორია ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდი, რომელიც იცავდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. სააკაშვილმა ორივე საქმე წააგო.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრება გახმაურებულ ქართულ კანონპროექტზე ეყრდნობოდა ევროპის საბჭოს დაკვეთით მომზადებულ დასკვნას, რომელიც იმავე ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა.
მაკბრაიდი თავმჯდომარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს, რომელიც 2008 წელს ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის მიერ შეიქმნა. ექსპერტთა საბჭო ევროპის მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე ზრუნავს.
ყველა ახალი ამბავი
0