ვენეციის კომისიას „გამჭვირვალობის“ კანონზე კონსულტაციებს სააკაშვილის ადვოკატი უწევდა
© courtesy of Rati Ionatamishviliრატი იონათამიშვილი
© courtesy of Rati Ionatamishvili
გამოწერა
დეპუტატმა თავისი სიტყვების დასადასტურებლად ჯერემი მაკბრაიდის სახელით ორი დოკუმენტი ატვირთა
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც ევროპული საბჭოს დაკვეთით მოამზადა მოხსენება „გამჭვირვალობის“ კანონზე, სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის ადვოკატი იყო, ამტკიცებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.
ვენეციის კომისიამ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები გამოთქვა. კომისიის რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით მიღებაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მისი გარდაუვალი ნეგატიური შედეგების გამო. ამასთან, ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა მის დასკვნას და კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო.
დეპუტატმა თავისი სიტყვების დასადასტურებლად ატვირთა ორი დოკუმენტი ჯერემი მაკბრაიდის სახელით - ერთი ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელია, მეორე ამონარიდი ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
„ანუ, სააკაშვილის ყველაზე ამორალური დანაშაულების „გამპრავებელი" იურისტი, გამჭვირვალობის ქართულ კანონზე დაწერდა, თუ არა ობიექტურ სამართლებრივ დასკვნას? რა თქმა უნდა, არა! და ვინც ის დაიქირავა, იყო თუ არა მათთვის სააკაშვილის ადვოკატობა გადამწყვეტი ფაქტორი? ბატონმა მაკბრაიდმა სააკაშვილთან ერთად, პირწმინდად წააგო საქართველოსთან ორივე საქმე!“ - დაწერა რატი იონათამიშვილმა.
ასე დამარცხდება ყველა, ვინც საქართველოში ცდილობს გათელოს კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობის პრინციპი, ეროვნული ფასეულობები, სუვერენიტეტი და ჩვენი ღირსება, დასძინა იონათამიშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.