გურიაში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება - კანონპროექტის დეტალები

გრიგოლეთი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2024
გამოწერა
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტურისტების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. პარლამენტმა 78 ხმით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
ეროვნული პარკი განთავსდება 15,3 ჰექტარზე, აქედან 92% (14,1 ჰა) არის ტყე, დანარჩენი ტერიტორია - უმეტესად ალპური მდელოები.
კანონის პროექტით დგინდება გურიის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები, ასევე წესრიგდება გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ობიექტების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
პროექტით აგრეთვე წესრიგდება გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვასთან, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან, ქონებრივ ურთიერთობებთან, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი 912.908 ჰექტარია, ეს ქვეყნის ტერიტორიის 13%-ია. ასი დაცული ტერიტორია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვაშია, ხუთი დაცული ლანდშაფტი კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგვაშია.
ყველა ახალი ამბავი
0