ვის მოუტანს სარგებელს ანაკლიის პორტის მშენებლობა - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2024
გამოწერა
გიორგი აბაშიშვილმა ჩამოთვალა ის ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც ქვეყანა ანაკლიის პორტის მშენებლობის შედეგად მიიღებს
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შედის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისა და ჩინეთის ინტერესებში, რადგან ეს ხელს შეუწყობს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველო აქტიურად მუშაობს სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებაზე და ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაში განიხილება როგორც ტვირთნაკადის ზრდის დამატებითი შანსი შუა დერეფანში, მარშრუტის, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
„ანაკლიის პორტი აქ გამორჩეულად მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ის უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდი მოცულობის გემების გამტარუნარიანობას, რომელიც აქამდე ჩვენთვის და შუა დერეფნისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ასე რომ, პირველი რიგის სარგებელი აქედან მიიღეს სწორედ ევროკავშირმა და ჩინეთმა, გამომდინარე მათ შორის მზარდი ვაჭრობით“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები საუბრობენ შუა დერეფნის როლზე.
რაც შეეხება საქართველოს ინტერესებს, აბაშიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ სარგებელზე.
„პირველი – ის ავტომატურად ქმნის სამუშაო ადგილებს, რადგან არის ძალიან შრომატევადი; და მეორე – ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი აუცილებლად ავითარებს გარშემო მცირე და საშუალო საწარმოებს, რადგან თავისთავად მსხვილ პროექტს სჭირდება დამხმარე ოპერირება და სხვა თანმდევი, კლასტერული ბიზნესების განვითარება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
როგორ აისახება ანაკლიის პორტისთვის ჩინელი ინვესტორის არჩევა ქართულ-დასავლურ ურთიერთობებზე>>
ამასთან ექსპერტმა აღნიშნა, რომ რაც მეტი მსხვილი ინვესტორი იქნება საქართველოში, მით მეტად დაცული იქნება ქვეყანა.
ანაკლიის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი, დიდი ალბათობით, ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი გახდება (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte. Ltd). სახელმწიფო 51%-იანი წილის მფლობელი იქნება, დანარჩენის კი კერძო ინვესტორი.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კასპიის ზღვის გასწვრივ ახლო აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი დერეფანში სატრანზიტო მარშრუტის ფარგლებში საქართველოს ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გაძლიერების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0