როგორ აისახება ანაკლიის პორტისთვის ჩინელი ინვესტორის არჩევა ქართულ-დასავლურ ურთიერთობებზე

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2024
გამოწერა
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ჩინური კომპანიის მონაწილეობა ანაკლიაში საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში უარყოფითად არ უნდა აისახოს ქვეყნის ურთიერთობებზე დასავლეთთან, რადგან ეს მის ინტერესებშიც შედის, - ამის შესახებ „პირველ არხთან“ ინტერვიუში ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი დიდი ალბათობით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება, ოთხშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ამ პროექტში სახელმწიფოს წილი 51% უნდა იყოს.
„მათი ჩართულობის გარეშე რთულად წარმომიდგენია ამ პროექტის სრულფასოვანი განხორციელება“, - განაცხადა ჭარაიამ.
მან ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე დასავლეთისთვის.
„შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც არა მარტო ქართული ინტერესების, არამედ მთლიანად შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესებსაც და ამ დერეფანში საქართველოს ქმნის ერთ-ერთ მთავარ ტრანზიტორ ქვეყნად“, - განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, ამ დერეფანში ტვირთის ძირითადი მიმღები და ძირითადი გამცემი, რომელიც გამოიყენებს ანაკლიის პორტს, იქნება სწორედ ჩინური მხარე.
მისი თქმით, პროექტში ჩინური მხარის მონაწილეობა დასავლეთისკენ კენჭის სროლის სახით არ უნდა იყოს დანახული.
დავითაშვილი: ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება>>
„ეს პროექტი ემსახურება დასავლურ ინტერესებსაც და ჩინეთის ჩართულობა ამ პროექტში არ გულისხმობს დასავლური ტრაექტორიიდან რაიმე სახით გადახვევას. პირიქით, დასავლეთის ინტერესებს ემსახურება, ქართულ ინტერესებს ემსახურება და ემსახურება იმას, რომ საქართველო იყოს უფრო სტაბილური, უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე, უფრო ძლიერი ფინანსურად და ა.შ.“, - განაცხადა ჭარაიამ.
ხელისუფლების არჩევანი მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ და მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ერთ დროს შექმნა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“. ამ კომპანიას ანაკლიის პორტის აშენების პირველი, წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.
„ლელოში“ განაცხადეს, რომ ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited, რომელიც ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ნაწილია, შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკის შავ სიაშია შეტანილი.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ კომპანიას უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვთ. ამ კომპანიის არჩევით საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაუხვია პროდასავლურ კურსს.
„ეს არის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ანაკლიით და მთავრდება ანაკლიით - ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება ბოლო წერტილია ამ ხელისუფლების რუსული გეოპოლიტიკური ზრახვების“, - განაცხადა კუპრაძემ.
ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ China Communications Construction Company Limited-ის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ დაწესებულა და შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეულია მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში.
ტენდერი მაღალი დონის საერთაშორისო კომპანიებმა ჩაატარეს, აქედან გამომდინარე, ყველა სამართლებრივი პროცედურა და ეკონომიკური გათვლები არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და სანდო, განაცხადა თავის მხრივ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სამწუხაროდ, ამერიკელები და ევროპელები არ დაინტერესებულან ანაკლიის პორტის პროექტით, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
„ვისურვებდი, რომ ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი – ევროპული და ნაწილი – ამერიკული, ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები... ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი - შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორი და, შესაბამისად, რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონეა.
„ამიტომ ეს (ჩინური კომპანიის მონაწილეობა პროექტში - რედ.) არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი, რომლის პრობლემაც იყო“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
აპლიკანტებს 20 მაისამდე უნდა წარმოედგინათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები და კომენტარები ხელშეკრულებაზე. წინადადებები მითითებულ ვადაში მხოლოდ ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმისგან შემოვიდა.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0