ჩინეთიდან საქართველოში საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2024
გამოწერა
ივლისში დაგეგმილია საქართველოს გავლით ანალოგიური მარშრუტით სატრანზიტო გადაზიდვა თურქეთში.
თბილისი, 28 მაისი— Sputnik. „შუა დერეფნის" ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა - ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
„ჩინეთიდან საქართველოში საპილოტე გადაზიდვა განხორციელდა. შესაბამისად, საქართველო გლობალური მიწოდების ჯაჭვში „შუა დერეფნის" სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება", - განაცხადა გურამიშვილმა.
ამჯერად, ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი გახდა საქართველო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია „შუა დერეფნის" მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში განხორციელდეს. ივლისში დაგეგმილია საქართველოს გავლით ანალოგიური მარშრუტით სატრანზიტო გადაზიდვა თურქეთში.
„ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული ავტოგადაზიდვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმ იმპორტიორებისა და მეწარმეებისთვის, რომელთაც ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვთ. ამ ტიპის საავტომობილო გადაზიდვების შესაძლებლობა მათ მობილობას ბევრად გააადვილებს და ზოგადად, მიწოდების ჯაჭვში ტვირთების საქართველოში შემოსვლას გაცილებით ოპერატიულს გახდის“, - განაცხადა გურამიშვილმა.
ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას 52 დღე სჭირდება, მაშინ, როცა „შუა დერეფნის" გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გადაზიდვა12 დღეშია შესაძლებელი. გურამიშვილის შეფასებით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს პროექტი და მარშრუტი უაღრესად მიმზიდველია.
ზემოაღნიშნული მარშრუტით სარკინიგზო გადაზიდვები 2017 წლიდან ხორციელდება და წელს პირველად მოხდა ქვეყნებს შორის საგზაო ტრანსპორტის ორმხრივი და მრავალჯერადი ნებართვების გაცვლა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ასეთი სახის გადაზიდვების რაოდენობის ზრდის შესაბამისად საქართველოში განვითარდება სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური სერვისები.
„რაც მთავარია, ჩვენი ინფრასტრუქტურა ინტენსიურად ვითარდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი ამის პირველი დადასტურებაა. ქვეყანაში ასევე არაერთი გლობალური სატრანსპორტო პროექტი ხორციელდება - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები", - განაცხადა გურამიშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია.
ყველა ახალი ამბავი
0