ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია: ბორელის განცხადებას „ქართული ოცნებაში“ უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringerჯოზეფ ბორელი
ჯოზეფ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2024
გამოწერა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა ქვეყანას არ სჯერა, რომ კანონი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება გახდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
გუშინ ბორელმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში ივნისში ევროკავშირი დაიწყებს შესაბამისი ზომების განხილვას. მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებმა კი თქვეს, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
„ჟოზეფ ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა სახელმწიფოს პოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ისე არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ერთნაირად ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენთვის დაბრკოლება გახდეს ევროპულ გზაზე. ჩვენთვის ამ კანონის მიღება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა კახიანმა.
დეპუტატის თქმით, დღეს აღნიშნულოი საკითხი ყველა სახელმწიფოსთვის ერთი-ერთი მნიშვნელოვანია.
„ეს კანონი შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის მისაღები იყოს, ჩვენთვის კი რატომღაც მიუღებელია, ეს არასწორი მიდგომაა“, - აღნიშნა კახიანმა.
სამშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა რეზონანსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. კანონი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ვნებათაღელვა კანონპტროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0