პაპუაშვილი: საქართველო წუხს „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სტიგმატიზების გამო

© photo: Sputnik / Stringerპროტესტი პარლამენტის შენობის წინ
პროტესტი პარლამენტის შენობის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
ქართულ კანონმდებლობაში არ არის „უცხოური აგენტის“ ცნება, მის ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი „უცხოური სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაცია“, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შეწუხებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სტიგმატიზებისა და მასზე მადისკრედიტებელი იარლიყების მიწებების გამო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
რეზონანსული კანონპროექტი 14 მაისს მიიღეს, 18 მაისს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. მმართველი პარტიაში განაცხადეს, რომ ამით პრეზიდენტმა ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა დახურა, შესაბამისად ვეტო დაიძლევა.
„გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ კანონის საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია.
„სინამდვილეში, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. უფრო მეტიც, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „უცხოური აგენტის“ ფორმულირება; სანაცვლოდ, გამოიყენება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია“. იგი ჰგავს ევროკავშირის ტერმინს „მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაცია“, რომელსაც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დირექტივის პროექტში ვხვდებით“, - განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, კანონი არაკომერციული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების დონეს გაზრდის.
ბორელი: საჭიროა „რბილი ენა" და მკაფიო პოზიცია „გამჭვირვალობის“ ქართულ კანონზე>>
„იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამომგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო არ ეთანხმება ვენეციის კომისიის დასკვნებს.
„ჩვენ არ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ბოლო-ბოლო, გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა არადემოკრატიული ან არაევროპული. შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დრო აჩვენებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება, აღნიშნა მან.
ვენეციის კომისიამ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები გამოთქვა. კომისიის რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით მიღებაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მისი გარდაუვალი ნეგატიური შედეგების გამო. ამასთან, ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა მის დასკვნას და კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო.
კომისიის აზრით, კანონი, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის მიმართული, ობიექტურად იწვევს იმ გაერთიანებებისა და მედიების სტიგმატიზაციას, ჩახშობას და საბოლოოდ ლიკვიდაციას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0