ბორელი: საჭიროა „რბილი ენა" და მკაფიო პოზიცია „გამჭვირვალობის“ ქართულ კანონზე

© photo: Sputnik / Stringerჯოზეფ ბორელი
ჯოზეფ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა სიფრთხილე, რათა ქართველების ეროვნული გრძნობები არ შეილახოს
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აუცილებელია სიფრთხილე და „რბილი ენის“ გამოყენება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელმა.
რეზონანსული კანონპროექტი 14 მაისს მიიღეს, 18 მაისს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. მმართველი პარტიაში განაცხადეს, რომ ამით პრეზიდენტმა ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა დახურა, შესაბამისად ვეტო დაიძლევა.
„ღრმად შეშფოთებული ვართ „უცხოური აგენტების“ კანონის გამო. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები“, - განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი უნდა იყენებდეს „რბილ ენას“, ამავდროულად, ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, რა არის შესაბამისობაში და რა არის შეუსაბამო ევროპულ გზაზე.
ქვეყანა, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა შეესაბამებოდეს მას კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით, აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0