პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ცილისმწამებლური კამპანია დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2024
გამოწერა
გადაწყვეტილებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ქართული სასამართლოს სამართლიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თავისი გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვა 10-წლიან ცილისწამებას ქართული სასამართლოს წინააღმდეგ და დაადასტურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების აუცილებლობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი რამის გამოა მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რაოდენ საჭირო და აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონის მიღება, რომ ხალხმა დანამდვილებით იცოდეს ვინ იგონებს და აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა. ეს კამპანიები მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს მიზნად - საქართველოში გათიშულობის, მტრობის, დაპირისპირების შემოტანას და საქართველოს დესტაბილიზაციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ქართული სასამართლოს სამართლიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს.
„ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს, რასაც ჩვენს სასამართლოს უკვე 10 წელია გამუდმებით აბრალებენ შიდა და გარე არაკეთილისმსურველები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დარტყმას მიაყენებს ოპოზიციას და მათ მფარველებს.
„დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ათწლიანი კამპანია საქართველოს მართლმსაჯულების წინააღმდეგ კრახით დასრულდა და სამართალმა იზეიმა. ათწლიანი ნარატივი რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მათს უცხოელ მფარველებს ხუხულასავით ჩამოენგრათ თავზე, თანაც არა ჩვენი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ხელით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილის საქმეებში არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ყოფილა.
„მოგეხსენებათ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და ერთხმად დაადასტურა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილის გასამართლების დროს არანაირ უსამართლობას და პოლიტიკურ მოტივაციას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამგვარად გაქარწყლებულია მითი კლანურ მმართველობაზე სასამართლო სისტემაში, რომელსაც ავრცელებდნენ „რადიკალური ოპოზიცია“ და არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ათი წელია მუდმივად გვესმის, რომ სასამართლოში კლანია, რომ სასამართლო მიკერძოებულია და რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურია. ამ ცილისწამებას ავრცელებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ზედამხედველი უცხოური ძალები, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ფარულად და უკანონოდ აფინანსებენ ამ პარტიებს და არასამთავრობოებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება მსგავს საქმეებზე, რომელიც ქართული სასამართლოს მიუკერძოებლობას ადასტურებს.
„სააკაშვილის სარჩელზე გამოტანილი განაჩენი არ არის პირველი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მართლმსაჯულება გაამართლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას, ბაჩო ახალაიას, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ე.წ. „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი სულ ახლახან იძულებული გახდა, სტრასბურგიდან გამოეწვია მისივე სარჩელი ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, რადგან იცოდა, რომ წააგებდა საქმეს.
„უკვე 10 წელია, ცალკეული ჯგუფები ცდილობენ ქართული სასამართლოს და ზოგადად სახელმწიფოს სახელის გატეხვას და იმიჯის დაზიანებას. შეგახსენებთ, ევროპის პარლამენტის რამდენ რეზოლუციაში ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რამდენი უცხოელი დიპლომატი და უმაღლესი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსი, ამაოდ დაშვრა იმის მტკიცებით, რომ სააკაშვილის პატიმრობა თურმე უკანონოა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოზე სააკაშვილის თემის გამო წლების განმავლობაში შეტევა ხორციელდებოდა.
„ამ წლების განმავლობაში გამუდმებული შეტევა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც გაჯერებული იყო ტყუილებით და ცილისწამებით. სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, გვემუქრებოდნენ სანქციებით და გვივრცელებდნენ დეზინფორმაციას. იმავდროულად, სააკაშვილს უცხოეთში და მის პარტიას საქართველოში სასათბურე პირობები შეუქმნეს და არც დაფინანსება და მფარველობა მოუკლიათ მათთვის. მას ხვდებოდნენ ბრიუსელსა და ვაშინგტონში, უცხადებდნენ მხარდაჭერას და ამწესებდნენ თანამდებობებზე, გარედან ამართვინებდნენ რადიკალურ ოპოზიციას, ბოლოს კი არჩევნების წინ ფარულად შემოაპარეს საქართველოში“, - განაცხადა სპიკერმა.
დღეს განაჩენი გამოუტანეს არამარტო სააკაშვილს, არამედ მის რეჟიმს და მის მფარველებსაც, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
გელაშვილის საქმეზე ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ორგანიზებისთვის, ხოლო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის - 3 წლიანი პატიმრობა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, სააკაშვილს 6 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2021 წლის ნოემბრიდან იხდის.
სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე ორ წელზე მეტია ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი რეზოლუცია მიიღო და მას პოლიტპატიმარი უწოდა. საქართველოს შესახებ პირველი მკვეთრი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე - 2024 წლის 25 აპრილს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0