მომზადებული დასკვნის გამო „ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისია მწვავედ გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტისა და ღირებულებებისადმი ნდობას, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით და შეიცავს რიგ ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციას, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივი თუ სხვა სახის არგუმენტის არარსებობა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით მიღებაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მისი გარდაუვალი ნეგატიური შედეგების გამო. აამსთან, ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა მის დასკვნას და კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.
„ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს", - განაცხადა ქურასბედიანმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ბევრი უსაფუძვლო და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივი არუმენტია, ასევე ფაქტების არაერთი უხეში დამახინჯება, რაც „კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს"
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს.
ქურასბედიანის განმარტებით, დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს, თითქოს კანონპროექტის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. მოცემულ მომენტში ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას დაეყრდნო.
.„სინამდვილეში აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა", - განაცხადა ქურასბედიანმა.
მისი თქმით, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ კანონპროექტის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა.
ქურასბედიანმა ასევე კომენტარი გააკეთა ვენეციის კომისიის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი მოკლე დროში მიიღეს და დაინტერესებულ მხარეებს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
„შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით (ყოველგვარი დაჩქარების გარეშე) რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ", - დასძინა მან.
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა იმაზეც, რომ ვენეციის კომისიამ მასობრივი პროტესტის ფონზე კანონპროექტის მიღებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, ესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.
„წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა. კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის", - განაცხადა ქურასბედიანმა.
მან ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.
პირველი - ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას. ამის დასადასტურებლად კი ის მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე .
„სინამდვილეში კი ყველა ის ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO-სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას. შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება!", - განაცხადა ქურასბედიანმა.
მეორე - ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ " ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს.
„ამ საკითხის დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა ამის შესახებ საერთოდ აღარ არის წარმოდგენილი და განვითარებული დასკვნაში. ასეთი მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს ქართული კანონის სტიგმატიზებას!", - აღნიშნა დეპუტატმა.
მესამე და ყველაზე მთავარი - ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამჭვირვალობის მოთხოვნა. ქურასბედიანმა ამ ფაქტს პარადოქსული უწოდა და აღნიშნა, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგება, მაგალითად, ევროკავშირის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2020 წლის 18 ივნისს უნგრეთის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
„79-ე პარაგრაფში სასამართლომ ცალსახად აღნიშნა შემდეგი: არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე, შესაძლოა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა ქურასბედიანმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ , პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას, დასძინა დეპუტატმა.
„საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ „ენჯეოებისა" და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს", - აღნიშნა ქურასბედიანმა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხაროა.
სკანდალური კანონპროექტი
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0