პოლიტიკურად მოტივირებულია: „ქართულ ოცნებაში" ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასეს

© video: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა სკანდალურ კანონპროექტთან დაკავშირებით მის დასკვნას
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებულია და არ შეიცავს არანაირ სამართლებრივ შენიშვნას - ასე შეაფასა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" დოკუმენტი.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით მიღებაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მისი გარდაუვალი ნეგატიური შედეგების გამო. აამსთან, ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა მის დასკვნას და კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პირველადი შეფასებიდან ჩანს, რომ აღნიშნულ დასკვნაში პოლიტიკური მოტივი უფრო მეტია, ვიდრე სამართლებრივი.
„არის მთელი რიგი ფაქტობრივი დამახინჯება - ამას უზუსტობასაც ვერ დავუძახებ. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ეს არის ამ ორკესტრირებული პოლიტიკური პოზიციის ნაწილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ქვეყანაში პოლიტიკური არეულობისა და პროტესტის გაძლიერებას ემსახურება.
„სამწუხაროდ, როგორც მოველოდით, ვენეციის კომისიის დასკვნა უფრო მეტად ემსახურებოდა ქვეყნის შიგნით არეულობის მუხტის აწევას და არა კანონთან დაკავშირებულ შინაარსობრივ შენიშვნებს", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ დასკვნაში აღწერა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც მის კომპეტენციაში არ შედის.
გარკვეულმა ძალებმა ვენეციის კომისიაც კი აიძულეს ეთქვა, რომ გამჭვირვალობა, თურმე, ყოფილა ცუდი, აღნიშნა დეპუტატმა.
„ბოლოში რომ მიეწერა კომისიას „არა რუსულ კანონს“, აი ეს იყო შინაარსი. გარდა სამართლებრივი შენიშვნებისა მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ვენეციის კომისია, ოფიციალურად – „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ - არის საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ორგანო, რომელიც 1990 წელს ევროპის საბჭოსთან შეიქმნა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0