საქართველოში ყივანახველას შემთხვევები გახშირდა: ჩხაიძემ მიზეზები განმარტა

© courtesy of AlpenPharma Caucasusივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინა.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში ყივანახველას შემთხვევები როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა, რაც აიხსნება კოვიდპანდემიის ფაქტორით, განაცხადა იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და სპაზმური ხველებით.

„შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა ყივანახველას შემთხვევები როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, რაც აიხსნება პანდემიის გავლენით. 2-3 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა ყივანახველას ცალკეული შემთხვევები, შემდეგ კი კოვიდშეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია როგორც შემთხვევების ზრდა, ისე მოსახლეობაში ყივანახველაზე მაღალი მგრძნობელობის მქონე ფენების გაჩენა“, - განაცხადა ჩხაიძემ „მთავარის" პრესცენტრში.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია პოსტპანდემიურ პერიოდში ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცირება.
„2021 წელს დაფიქსირდა ვაქცინაციის მკვეთრი შემცირება, ამიტომაც მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აუცრელი დარჩა, ახლა დაინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყაროა", - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, თუ რაღაც მიზეზების გამო ბავშვმა ვერ ჩაიტარა გეგმური აცრა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა დაიკარგა.
„ამ პროცესის განახლება ყოველთვის შესაძლებელია და კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველა დედას, ვინც გამოტოვა რომელიმე დაგეგმილი აცრა, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს და ბავშვს აცრა გაუკეთოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩხაიძემ.
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, ყივანახველას დაავადების პირველ ეტაპზე დიაგნოსტიკა ადვილი არ არის: ადრეული სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია.
„პირველი ორი კვირის განმავლობაში ყივანახველა ჩვეულებრივი ვირუსივით მიმდინარეობს: იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატურა. ორი კვირის შემდეგ იწყება მისი კლასიკური სიმპტომები. ეს არის სპაზმური ხველა ყივილის მსგავსი ხმით. შეტევები ყოველდღიურად ხშირდება და პირღებინებით სრულდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა შეინიშნება. შესაძლებელია ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას დროს ხველა, შესაძლოა, 100 დღემდე გაგრძელდეს.
ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ყივანახველას ინფექციის პრევენციის მთავარ ფაქტორად ვაქცინაცია დაასახელა.
„ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე მთავარი ფაქტორია. ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება”, - განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. პირველი აცრა ტარდება ორ წლამდე ასაკში, რის შემდეგაც ვაქცინაცია ყოველ ათ წელიწადში უნდა განმეორდეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმიური ვაქცინაცია უფასოა.
ყველა ახალი ამბავი
0