ევრო 2024: როდის დაიწყება ქართველი გულშემატკივრებისთვის შეღავათიანი ავიაბილეთების გაყიდვა

© Stringerქართველი გულშემატკივრები
ქართველი გულშემატკივრები - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთები საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, რომლებიც გერმანიაში ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს დაესწრებიან, ამ კვირაში გაიყიდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
„მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. ფრენები მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში – დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სულ მოხდება 3 ათასი ავიაბილეთის სუბსიდირება. დაახლოებით ორი ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით ათასი გულშემატკივრისთვის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ერთი მიმართულებით სუბსიდირებული ბილეთის ღირებულება 195 ევრო იქნება, ორივე მიმართულებით - 390 ევრო.
სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც ეროვნული ნაკრების მატჩებზე ბილეთები უკვე შეიძინეს.
„სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთები“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო-თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო-ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო-პორტუგალია
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0