პარლამენტი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის-სხდომათა დარბაზი
პარლამენტის-სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2024
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. 20 მაისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განიხილავს.­
3 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას, ასევე საგადასახადო შეღავათებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანისას.
ზურაბიშვილმა პარლამენტს „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში ზურაბიშვილი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.
რას მოუტანს საქართველოს „ოფშორების“ ახალი კანონი - პოლიტოლოგის თვალსაზრისი>>>
ამასთან, იგი სრულად იზიარებს „საგადასახო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტმა კანონი, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით 19 აპრილს დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1-ელ იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1-ელ იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.
ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თანხების გადმოტანა ხორციელდება საერთაშორისო სისტემების მეშვეობით, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების დაცვას.
ყველა ახალი ამბავი
0