პარლამენტმა საარჩევნოდ პარტიულ სიებში დელეგატებთან დაკავშირებული ცვლილებები მიიღო

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2024
გამოწერა
ამიერიდან 30-ვე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ინტერესებს წარმოადგენენ პარლამენტის კონკრეტული წევრები - დელეგატები.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა, მესამე და საბოლოო მოსმენით, მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლებიც გულისხმობს სიახლეებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიების ფორმირებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დეპუტატების არჩევის წესის ცვლილებას.
საპარლამენტო არჩევნები, ადრე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რჩება სრულად პროპორციული, მაგრამ ჩნდება დელეგატის ცნება.
სიახლის თანახმად, პარტიებს უფლება ეძლევათ, საარჩევნო სიების ფორმირების დროს, კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატი ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვრონ.
საქართველოში სულ 30 საარჩევნო ოლქია, აქედან რვა თბილისშია, დანარჩენი 22 კი რეგიონებში.
ოლქის დელეგატი იქნება დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნების შედეგებით მოხვდება პარლამენტში პარტიული სიით და ოლქში მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე მისი კონკურენტები მეორე პარტიიდან.
თუ ორი პარტია ოლქში ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, მაშინ დელეგატად ჩაითვლება იმ პარტიის კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე ადრე დარეგისტრირდა.
პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმება: პარლამენტმა ვეტო დაძლია>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
ბოლო 20 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ყველა წინა არჩევნები ტარდებოდა შერეული (პროპორციული) სისტემით ანუ ხმას აძლევდნენ პარტიას და მაჟორიტარულით, ანუ ოლქებში ირჩევდნენ კონკრეტულ კანდიდატებს, რომლებიც შემდგომში პარლამენტში ამ ოლქის ინტერესებს წარმოადგენდნენ.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტურის გაუქმებას. ცვლილებების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 40%-ს თავის ოლქში, დაინიშნება მეორე ტური.
იმისათვის რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, მათ ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, პარლამენტმა მის დასაძლევად ხელახლა უნდა უყაროს კენჭი.
ყველა ახალი ამბავი
0