პაპუაშვილის განცხადება ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს არ მოეწონათ

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე
შალვა პაპუაშვილი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან შეხვედრაზე ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნა.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და მარგუს ცაჰკნამ უარყვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობაზე.
პაპუაშვილის თქმით, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიისა და ისლანდიის მინისტრებთან შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველო სწორად მოიქცა, როცა ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და სააკაშვილი არ გაათავისუფლა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობდა.
„ნება მომეცით სიცხადე შევიტანო: ჩვენ არანაირ მსგავს საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი გზავნილი ზუსტად საპირისპიროა: საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის“, - დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში.
ლანდსბერგისმა, სხვა საკითხებთან ერთად, კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსულ პროექტთან დაკავშირებით პაპუაშვილის შეფასებაზე.
„საჭიროდ ვთვლი დავაზუსტო, რომ ჩვენ არ დავთანხმებულვართ იმას, რომ საქართველო მართალი იყო ევროპული ღირებულებებისა და რეკომენდაციების იგნორირებაზე, გამოვთქვით მტკიცე აზრი და არა უბრალოდ „გარკვეული შეშფოთება“, - დაწერა ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X-ში.
შეხვედრაზე, როგორც თავად პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირიდან საქართველოში შემოსული თანხის ნაწილი არაგამჭვირვალედ იხარჯება.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამყარო მხოლოდ შავ-თეთრი ფერები არ არის და ასეთ საკითხებს ყოვლისმომცველი მიდგომა სჭირდება. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ დასავლელი პარტნიორები ცდებოდნენ, როცა დაჟინებით ამტკიცებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და სააკაშვილის გათავისუფლების მართებულობას. „სად არის გარანტია, რომ თქვენ (ევროპელი პარტნიორები - რედ.) ახლაც არ უშვებთ შეცდომებს?", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მრავალი თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლია, ადვოკატები კი ამაოდ ცდილობდნენ მის გათავისუფლებას, იმის მტკიცებით, რომ საქართველოში სააკაშვილს სათანადოდ არ მკურნალობენ და იგი სიკვდილის პირასაა. 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ უარი განაცხადა ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.
დაკავებიდან დღემდე ექს-პრეზიდენტმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედშია," სადაც მკურნალობის კურსს გადის.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0