„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
© photo: Sputnik / Alexei Vitvitskyევროკავშირის დროშა
© photo: Sputnik / Alexei Vitvitsky
გამოწერა
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება, ნათქვამია ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომლის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, ისე დასავლელი პარტნიორები. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შესთავაზა წარმოადგინოს ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, რათა კანონპროექტში ცვლილებები შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს. პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ აპირებს „ამ თამაშში შესვლას კანონის გაკეთილშობილების მიზნით“.
„ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება და 9 ნაბიჯში ასახული აუცილებელი რეფორმები განახორციელოს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ პირობით, რომ ქვეყანა განახორციელებდა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებულ ცხრა ნაბიჯს.
„ეს ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მედიისთვის თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ისინი ასევე დეპოლარიზაციას და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას შეეხება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს.
„ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. ეს კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას იმის გათვალისწინებით, რომ შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და სწორედ მათ ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია სკანდალურ კანონპროექტთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მკვეთი დამოკიდებულება.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ეს დოკუმენტირებული ქმედებები გამოიძიოს", - ნათქვამია განცხადებაში
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველოსთვის დადგინდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მთელი რიგი ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გაუადვილდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით რიგ ახალ ინიციატივას ამზადებს.
როგორც ადრე გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.