„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 13 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2024
გამოწერა
შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პოლიციამ პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მონაწინააღმდეგეთა აქციის 13 მონაწილე მას შემდეგ დააკავა, რაც პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება 09:00 საათზე, პარლამენტის სხდომის დაწყებამდე დაიწყეს. ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები.
„იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი", - ნათქვამია განცხადებაში.
ვითარება აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.
„პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებამ განმარტა, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
გავრცელებული ინფორმაციით, 13-ვე პირი პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0