ხმაურიანი სხდომა: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამებნტის სხდომა
პარლამებნტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2024
გამოწერა
სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ როგორც მამაკაცი, ისე ქალი-დეპუტატები
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომამ, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, კანონმდებლებს შორის დაპირისპირების გამო მუშაობა შეწყვიტა.
ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა" და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა.
დაპირისპირება მმართველი პარტიის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ დაიწყო, რომელმაც ჯერ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის გამოსვლისას ყვირილი დაიწყო, შემდეგ კი შეურაცხყოფაზე გადავიდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მასზე პასუხის გაცემა დაიწყეს და სხდომა ორმხრივი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე შეწყდა.
მოგვიანებით სამხარაძემ სხდომათა დარბაზის მეორე შესასვლელიდან ოპოზიციის მიმართულებით ბოთლი ისროლა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბში მონაწილეობდნენ ორივე მხარის წევრები - როგორც მამაკაცი, ისე ქალი-დეპუტატები.
ამ დროისთვის სხდომათა დარბაზში ვითარება შედარებით დამშვიდდა და პარლამენტმა მუშაობა განაახლა.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დაიწყებენ.
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2024
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პროტესტის ფონზე მსჯელობენ
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0