შსს: აქციაზე დაკავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2024
გამოწერა
დღეს დილით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
თბილისი, 13 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად არიან დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი რუსეთის ფედერაციის, ორი კი აშშ-ის მოქალაქეა. მათი დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს.
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია კვირას, 22:00 საათზე დაიწყო. ადგილზე შსს-ის ძალები დაახლოებით 05:00 საათზე გამოჩნდნენ და პარლამენტის შენობის შესასვლელის გათავისუფლების შესახებ აქციის მონაწილეებისადმი უშედეგო მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება.
„მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შსს-ს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს შეურაცხყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონპროექტი, რომლის გამოც თითქმის ერთი თვეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, მესამე მოსმენით მიიღო. პლენარული სხდომა 14 მაისს არის ჩანიშნული.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებს არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.
კვირას, საღამოს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდა - არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელების ბლოკირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აამოქმედებს - 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0