თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია გაიმართა

© Sputnikაქცია ევროპის მოედანზე
აქცია ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2024
გამოწერა
როგორც წესი, საპროტესტო აქციები გვიან ღამემდე გრძელდება, მაგრამ ამჯერად ძალების დაზოგვა გადაწყდა.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თბილისის ისტორიულ ცენტრში, ევროპის მოედანზე ევროპის დღის აღსანიშნავად შეიკრიბა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ათასობით ოპონენტი - მათ ხელისუფლებისგან საკამათო საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს ქალაქის ოთხ უბანში: მეტროსადგურ „300 არაგველების“ მიმდებარედ, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, რესპუბლიკის მოედანზე და წერეთლის გამზირზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო კომპლექსთან, სადაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება გამართა.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ქუჩებში და ევროპის მოედანზე შეხვდნენ. მათ ხელში ეჭირათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები წარწერით „არა რუსეთის კანონს“ - ასე უწოდებდნენ აქციის მონაწილეები კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ერთ-ერთი მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ ბანერი წარწერით „ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!“
ევროპის მოედანზე მოწყობილ სცენაზე გამოვიდნენ ისეთი ცნობილი ქართველი შემსრულებლები, როგორებიც არიან ნინო ქათამაძე და ნიაზ დიასამიძე. იყო პოლიტიკური გამოსვლებიც. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პოეტმა და „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რატი ამაღლობელმა, ცნობილმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ და მწერალმა ლაშა ბუღაძემ.
ამჯერად აქციის თანაორგანიზატორებად ოფიციალურად წარდგნენ წამყვანი ოპოზიციური პარტიები. აქამდე საპროტესტო აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორებად კი ახალგაზრდული მოძრაობები სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მთელი ამ საპროტესტო მოძრაობის უკან დგას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ოპონენტებს არანაირი საწინააღმდეგო არგუმენტები არ გააჩნიათ, ამიტომ მთელი კამპანია აქვთ აგებული მტკიცებაზე, თითქოს ის უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონის ანალოგია.
ევროპის მოედანზე აქცია დაახლოებით 23:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც მონაწილეთა მცირე ნაწილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციების ტრადიციულ ლოკაციაზე გადაინაცვლა.
როგორც წესი, საპროტესტო აქციები გვიან ღამემდე გრძელდება, მაგრამ ამჯერად ძალების დაზოგვა გადაწყდა. ორგანიზატორებმა კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მოუწოდეს, კვირას 22:00 საათზე შეიკრიბონ პარლამენტთან ღამის გასათევად, რათა ორშაბათს დილით დახვდნენ დეპუტატებს, რომლებიც მესამე მოსმენით კენჭისყრამდე კანონპროექტის განხილვას იურიდიულ კომიტეტში აპირებენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად დაშავდა პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე და6 ადამიანი დააკავეს.
ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის“ კანონის შეცვლის პირობები და ვადები დაასახელა>>
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0