გომელაური: დაგეგმილია, მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2024
გამოწერა
სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა აქციამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც თბილისსა და რეგიონებში მასობრივი პროტესტის საფუძველი გახდა, მესამე მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს იმსჯელებს. პლენარული სხდომა 14 მაისს არის ჩანიშნული.
„როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას", - განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აამოქმედებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია.
მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები თუ სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული," - განაცხადა მინისტრმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0