სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდების გატეხვა: ბლოგერის სახლში იარაღის არსენალი იპოვეს

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2024
გამოწერა
პოლიციამ ბლოგერის ბინაში აღმოაჩინა დაახლოებით 10 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში პოლიციამ ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა, იუწყება შსს.
სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას. საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში.
ერთ-ერთი ბინა, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, უჩა აბაშიძეს ეკუთვნის. როგორც ვიდეოზე ჩანს, პოლიციამ ბლოგერის ბინაში აღმოაჩინა დაახლოებით 10 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
იმავდროულად, ბლოგერის ადვოკატები ჩხრეკის წესების დარღვევაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ისინი ჩხრეკაზე არ შეუშვეს, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბლოგერის დაკავებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მის მონაწილეობას უკავშირებენ. რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვაც კი სცადა აბაშიძის სახლთან ახლოს. მათი ქმედება აღკვეთა პოლიციამ, რომელმაც აქციის მონაწილეებისგან გზა გაწმინდა და 10-მდე ადამიანი დააკავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საპროტესტო აქციაზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები საპროტესტო აქციაზე დაკავებულ შვიდ პირს და თავად უჩა აბაშიძეს ხვდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0