პრეზიდენტის ადმინისტრაცია: 9 მაისს ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება

© photo: Sputnik / Stringerპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2024
გამოწერა
9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 9 მაისს ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „შავნაბადა", ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers, დაგადაგანი, quemmekh.
კონცერტი, რომელიც 9 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველოსთვის დადგინდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მთელი რიგი ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში განცხადებით გამოვიდა, სადაც ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.
ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
ყველა ახალი ამბავი
0