სასიკვდილო მეწყერი შოვში: მემორიალის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაძიებო ოპერაცია შოვში
საძიებო ოპერაცია შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2024
გამოწერა
მემორიალი კურორტ შოვში ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდება
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა, ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს.
კონკურსის ამოცანაა, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ღია შეჯიბრების პრინციპზე დაყრდნობით, მემორიალის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენა.
საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან დარგის სპეციალისტები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.
საპროექტო ტერიტორია განსაზღვრულია კურორტ შოვში ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ, სადაც სამომავლოდ იგეგმება ეკლესიის მშენებლობაც.
კურორტ შოვში მემორიალის განთავსების ადგილი რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მსოფლიო ბანკის ექსპერტთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან ერთად მოინახულა.
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარ ბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოინგრა მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფს კურორტ შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.
ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0