სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა - აქცია სხვადასხვა ქუჩებში გაგრძელდება

© photo: Sputnik / Stringerაქცია თბილისში. 2024 წლის 1 მაისი
აქცია თბილისში. 2024 წლის 1 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან კვლავ შეიკრიბა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ათასობით მოწინააღმდეგე, ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელი და წყლის ჭავლი, რომლებიც არაერთხელ გამოიყენეს წუხელ საპროტესტო აქციებზე, თუმცა ძალოვანებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხო გამოსვლა უზრუნველყვეს.
პარლამენტის დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გააგრძელებენ პროტესტს.
როგორც პარლამენტთან აქციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა, ერთი ნაკადი დაიძრება პირველი გიმნაზიიდან, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან. მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში დაიწყება არაძალადობრივი მოძრაობა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭე3რ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ.
უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0