რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ 15 აპრილიდან ყოველ დღე იმართება.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ერთი დღით ადრე, 28 აპრილს, ოპოზიციამ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დააანონსა. გარდა ამისა, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 29 აპრილს დაგეგმილი მმართველი პარტიის აქციის პარალელურად ვაკის პარკში აქციის გამართვა გადაწყვიტეს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის გვიან ღამემდე, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.
მმართველი პარტიის აქციის პარალელურად თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაც გაიმართება>>>
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0