პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმება: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებს

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
აპრილის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირში გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით 4 აპრილს მიიღო, ვეტო 18 აპრილს დაადო.
პრეზიდენტის მიერ უკან დაბრუნებულ კანონპროექტსა და მოტივირებულ შენიშვნებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 29 აპრილს იმსჯელებს.
საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პარტია „გირჩმა“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.
ეს უკვე „გირჩის" მეორე მცდელობაა საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიებში გააუქმოს ქალების კვოტები. პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წელს მიმართა, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმება: ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო>>>
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ერთ-ერთია იმ სამი პროექტიდან, რომელიც ევროპულმა საბჭომ ვენეციის კომისიას დასკვნის მისაღებად გაუგზავნა ორ კანონპროექტთან ერთად - „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ცვლილების თანახმად, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება იმისა, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ. ამავე პროექტით, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.
ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ პარტიულ სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას. კოლეგებმა „გირჩის“ დეპუტატები ქალთა საწინააღმდეგო, ანტიევროპულ და არადემოკრატიულ მიდგომაში დაადანაშაულეს.
მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0