პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმება: ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2024
გამოწერა
აპრილის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საუბარია საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა ყოფილიყო. ცვლილებების ინიციატორები არიან ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატები.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ერთ-ერთია იმ სამი პროექტიდან, რომელიც ევროპულმა საბჭომ ვენეციის კომისიას დასკვნის მისაღებად გაუგზავნა ორ კანონპროექტთან ერთად - „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
2024 აპრილის დასაწყისში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ანუ მათ მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა. „გირჩის“ პარლამენტში მხოლოდ ოთხი მანდატი აქვს.
სანაცვლოდ, „გირჩის“ დეპუტატები დაპირდნენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას ყურადღებას გაამახვილებენ კანდიდატების კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე და არ იხელმძღვანელებენ პირადი ინტერესებით.
დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტიის ინიციატივის განმარტებისას აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის გაწმენდა კანონში არსებული სულელური ნორმებისგან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის შედეგად გაჩნდა.
„გირჩის“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ქალთა კვოტირებას შეურაცხმყოფელი უწოდა. მისი თქმით, ეს კვოტები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა საიმისოდ, რომ მამაკაცებს კონკურენცია გაუწიონ.
„გირჩის“ ლიდერი: საზოგადოების დაყოფა ევროპის დაავადება და თანამედროვე კომუნიზმის ფორმაა>>
სხვა ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ პარტიულ სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას. კოლეგებმა „გირჩის“ დეპუტატები ქალთა საწინააღმდეგო, ანტიევროპულ და არადემოკრატიულ მიდგომაში დაადანაშაულეს. დეპუტატმა რომან გოცირიძემ „გირჩის“ წევრებს მმართველი პარტიისთვის სასარგებლო „პოლიტიკური იდიოტებიც“ კი უწოდა.
ცვლილებები ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. იმ შემთხვევაში თუკი ის ვეტოს უფლებით ისარგებლებს, პარლამენტს მისი დაძლევის საშუალება ექნება. ამ შემთხვევაში კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0