„გირჩის“ ლიდერი: საზოგადოების დაყოფა ევროპის დაავადება და თანამედროვე კომუნიზმის ფორმაა

© photo: Sputnikვახტანგ მეგრელიშვილი
ვახტანგ მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2024
გამოწერა
ევროპა საზოგადოებას ორ ჯგუფად ყოფს: დაჩაგრულ და მჩაგვრელ, ამტკიცებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფა და შემდეგ მათ შორის დაპირისპირების ხელშეწყობა არის ევროპის დაავადება და კომუნიზმის შინაარსი, რომელმაც ახლა უკვე ასეთი ფორმა მიიღო, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
პარტია „გირჩის" მიერ ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილები საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.
„ეს ხომ ევროპის დაავადებაა, საზოგადოების დაჯგუფება სხვადასხვა - დაჩაგრულ და მჩაგვრელ, მოძალადე ჯგუფებად და ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს არის კომუნიზმის შინაარსი, რომელმაც თანამედროვეობაში ასეთი ფორმა შეიძინა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ოპოზიციონერის თქმით, ამას მოყვება ლგბტ თემის უფლებები და ა.შ.
„წარმოიდგინეთ ახლა, საუბარი რომ გვქონდეს, რომ ლგბტ საზოგადოების წევრებს რამხელა კვოტა უნდა ჰქონდეს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილის თქმით, ახლა წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ყველაფერი ამ იდეოლოგიის გაგრძელებაა.
„ეს ჯაჭვია, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ვიღაცას, სახელმწიფოს, აძლევს ხელოვნურ შესაძლებლობას, რომ ვითომ ამ დაჩაგრულ ჯგუფებსა და მოძალადე ჯგუფებს შორის ბალანსი დაამყაროს. ასე გადავცემთ ჩვენ ძალაუფლებას სახელმწიფოს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. მმართველმა პარტიამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. თუმცა ოპოზიციის ნაწილი, განსაკუთრებით ქალი დეპუტატები, ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან.
ცვლილებები ძალაში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.
მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტის მიღება.
მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0