არაკეთილსინდისიერი ევროპარლამენტარების ვენდეტა - პაპუაშვილმა რეზოლუცია შეაფასა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2024
გამოწერა
ეს რეზოლუცია ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან არის არაკეთილსინდისიერება ქართველი ხალხის მიმართ, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ცალკეულ ევროპარლამენტარებს ქართველი ხალხის მიმართ პირადი შურისძიება ამოძრავებს, ხოლო საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა და მიუთითებს მათ არაკეთილსინდისიერებაზე, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„ევროპარლამენტში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელთაც აქვთ პირადი დამოკიდებულება და ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ, რომ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, რაც ევროპარლამენტში აქვთ დარჩენილი, გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაესხან თავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
2024 წლის 6-დან 9 ივნისამდე ევროპარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება - 27 ქვეყანაში აირჩევენ 720 დეპუტატს, რომლებიც შემდეგ დაადგენენ ევროკავშირის საკვანძო ორგანოების შემადგენლობას. ევროპარლამენტარების წინა არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მისი შემოპარვა საქართველოში წაახალისა.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის გაწირეს.
„ეს ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც აშშ-ში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ რეზოლუციის ტექსტებს ამერიკელი ლობისტები უმზადებენ. ჩანს, რომ აქ საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ადრე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ლობისტური საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
რაც შეეხება რეზოლუციას, პაპუაშვილის შეფასებით, ეს პოლიტიკური განცხადებაა და სხვა არაფერი.
„ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა როგორც დასანქცირებაზე, ასევე სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამ მხრივ სიახლე არაფერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რეზოლუციას 705-დან მხარი 425-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის ინიცირება მოახდინეს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წევრებმა, მათ შორის რასა იუკნევიჩენემ, ანდრიუს კუბილიუსმა, სვენ მიქსერმა, მარკეტა გრეგოროვამ, ანა ფოტიგამ, რომლებიც სისტემატურად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. როგორც მათ არაერთხელ განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლება ცვლის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს პრორუსულზე.
მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას ევროპასთან საერთო არაფერი აქვს >>
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს კენჭი ცალკე უყარეს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეაფასონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და საქმის კურსში ჩააყენონ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად მისი შედეგების შესახებ ევროკავშირის დაფინანსებაზე.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. თავდაპირველად ის 2023 წლის მარტში იყო ინიცირებული, მაგრამ მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ ის გაიწვია.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ბოლო დროს აქციებს ახალგაზრდები მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0