მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას ევროპასთან საერთო არაფერი აქვს

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2024
გამოწერა
ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე ცარიელი შანტაჟია ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან, მიაჩნია დეპუტატს
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი კავშირი არ აქვს ევროპასთან და მხარს უჭერს ბოროტებასა და გაუმჭვირვალობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია საქართველოს საკითხზე, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების განზრახვას, და მოუწოდეს ევროკომისიას შეაფასოს კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის საკონტროლო მაჩვენებლების შესრულებაზე. გარდა ამისა, რეზოლუციაში არის მოწოდება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ.
„რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება! ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!“ - დაწერა სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე ცარიელი შანტაჟია ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან.
„ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსენსუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, და არა რეზოლუცია, რომელსაც არანაირი ძალა არ გააჩნია.
„პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია“, - განაცხადა მდინარაძემ.
სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც კრძალავს სქესის შეცვლას, ასევე მოუწოდებს ევროკომისიას არ გამართოს მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე და შეჩერდეს დაფინანსება, რომელსაც საქართველო ევროკავშირიდან იღებს.
ეს არის ევროპარლამენტის უკვე მეოთხე კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირველი მიიღეს 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს და მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს. ყველა დოკუმენტში, სხვა საკითხების გარდა, საუბარია ივანიშვილის დასანქცირებაზე.
დოკუმენტს მხარი 425-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო. გარდა ამისა, ევროპარლამენტში გაკეთდა განცხადებები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე იყო მუქარები საკამათო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ.
არქივში სამწუხარო ისტორიად დარჩება : შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ >>
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0