„დიდი მოჭადრაკე“: ორბანმა საქართველოს პრემიერი შეაქო

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2024
გამოწერა
უნგრეთის პრემიერის თქმით, უნარი, შეინარჩუნოს ქვეყნის თვითმყოფადობის და კულტურის შენარჩუნების უნარი მხოლოდ გროსმაისტერს გააჩნია
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამშობლოში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევენ, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი გეოპოლიტიკური თამაშია, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციის გახსნაზე (Conservative Political Action Conference, CPAC), რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს.
კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, სადაც 25 აპრილს კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში“, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, პრემიერს გროსმაისტერის უნარები გააჩნია.
„ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში - ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
1970 წლებში დაარსებული კონფერენცია ამერიკელი კონსერვატორების ყოველწლიურ თავყრილობად იქცა. პირველი ევროპული კონფერენცია ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრის ორგანიზებით უნგრეთის დედაქალაქში 2022 წელს გაიმართა. მომდევნო წელს ღონისძიების მთავარ მომხსენებლებს შორის საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
მნიშვნელოვანი თანამშრომლობა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს>>
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0