საქართველოში ყველაზე გრძელი, 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.
„ახალი 23-კილომეტრიანი გზა, რომელიც ხუთ გვირაბს მოიცავს, მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს", - განაცხადა კობახიძემ.
უწყების ცნობით, საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა იქნება. ამ ეტაპზე 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.
გარდა ამისა, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7.730 მ-ზეა გაჭრილი.
გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით განხორციელდა.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, მთლიანობაში შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზა, ხუთი ხიდი და ხუთი გვირაბი. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი ხუთ კილომეტრიანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც.
„საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გახდება, ხოლო თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
ახალი გზის მეშვეობით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მლრდ ლარია.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა ეტაპობრივად 2024-2025 წლებში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0