ბორელი პოლიტიკური დებატების მონაწილეა - კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენელი გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerჯოზეფ ბორელი
ჯოზეფ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
პრემიერის თქმით, პარტნიორებისადმი შეთავაზება, დასხდნენ ქართული საზოგადოების წინაშე და განიხილონ კანონის სარგებელი და ზიანი, ძალაში რჩება.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დღეს ჩართულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და მისი საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესზე. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისია ამ საკითხზე ზეპირი ანგარიშის წარდგენას გეგმავს.
„ ჟოზეფ ბორელი, არა მარტო დიპლომატი, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. დღეს ჟოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანონი პარლამენტში პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განიხილონ და არა ვიღაცამ გარედან.
„კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც, პარტნიორი და მეგობარი. როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესი? ყველა ქვეყანაში ასეა – არის პარლამენტი, არის უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი. ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში რა ხდება? ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, რომ კანონი არის ცუდი, ვერ ცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, რომ პარტნიორებისადმი შეთავაზება, დასხდნენ ქართული საზოგადოების წინაშე და განიხილონ კანონის სარგებელი და ზიანი, ძალაში რჩება.
„ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რომლებიც განვითარდა 2020, 2021 და 2022 წლებში. როგორც გახსოვთ, მაშინ ძალიან რთული პროცესების სათავეში ორი ყოფილი ელჩი იდგა, მათ ორჯერ დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესების ეპიცენტრში, იყო სხვა პროცესები“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური არასამთავრობო სექტორისა და თბილისში საპროტესტო აქციების მხარდამჭერებში გულისხმობდა აშშ-ის და ევროკავშირის ყოფილ ელჩებს კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს.
პრემიერის თქმით, არაფერია ცუდი იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადში ერთხელ ახორციელებენ ანგარიშს ფინანსების შესახებ.
„წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენს დეკლარაციას, რათა ქართული საზოგადოება იყოს ინფორმირებული დაფინანსების წყაროსა და ხარჯების შესახებ. აქ სადავო არაფერია. ასეთ პირობებში, როდესაც განცხადებები მაინც კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, ამტკიცებენ, რომ იგი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხელისუფლების ოპონენტები სკანდალურ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებენ და თბილისის ცენტრში 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
პარლამენტში სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენის თარიღი უცნობია. სამივე მოსმენით კანონს, სავარაუდოდ, 17 მაისს მიიღებენ.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0