თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონს ააშენებენ

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
ახალი სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ლოკაციად ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დასახელდა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ახალ მეგამასშტაბურ პროექტს განახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთისა და რაგბის მატჩებისთვის 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ახალი სტადიონი იქნება „ბრიტანული სტილის“, ანუ მაყურებელთა ადგილებსა და მოედანს შორის სარბენი ბილიკების გარეშე. მშენებლობის სავარაუდო ლოკაცია ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება.
„მინდა დავაანონსო მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც უკავშირდება ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება და გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში ქართულმა სპორტმა, განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში, უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია.
2024 წლის ივნისში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში, 2023 წლის სექტემბერში ქართველი მორაგბეები პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, ხოლო 2023 წლის აგვისტოში კი კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
ყველა ახალი ამბავი
0