გომელაური: აქციებზე ხუთი პოლიციელი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქციები თბილისში. 2024 წლის 17 აპრილი
საპროტესტო აქციები თბილისში. 2024 წლის 17 აპრილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2024
გამოწერა
საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. 15 და 16 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ხუთი პოლიციელი დაშავდა, სულ 40 ადამიანი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს პარლამენტთან ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
„ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში დაკავდა 40 პირი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ როდესაც, საპროტესტო აქცია, მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, 16 აპრილს, როდესაც აქცია მთავრდებოდა, მომიტინგეები პოლიციის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი, დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა“, - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომელსაც, მისი მტკიცებით, პოლიცია გაუსწორდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს.
„მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან ესე იყო, ესე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია და მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ესე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. კადრებში ნათლად ჩანდა თუ რა ხდებოდა რეალურად და გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო“, - განაცხადა გომელაურმა.
გომელაურმა ელისაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს სამწუხარო უწოდა. „ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა. გამოძიება დაწყებულია. დაველოდოთ“, - განაცხადა გომელაურმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
აქციების ქრონოლოგია
საპროტესტო აქცია 15 აპრილს დილით დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებთან ცდილობდნენ მიახლოებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი.
16 აპრილს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი კანონით გათვალისწინებული ფორმით გამოეხატათ და ძალისმიერი ქმედებები არ განეხორციელებინათ, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს, დაშავდა 4 პოლიციელი.
17 აპრილს კი პოლიციამ კიდევ ორი მომიტინგე დააკავა - მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვაზე უარის გამო. ერთ-ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0