პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებს

© photo: Sputnik / Stringerგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის აზრით, აღნიშნული კანონი ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს, 17 აპრილს გამართულ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგაც გამოდიან ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონპროექტს ხმა 83-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, თუ აღნიშნული კანონპროექტი კანონად გადაიქცევა, იგი საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული.
გრიგოლ ვაშაძე ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატია. საქართველოში დაბრუნებამდე იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მას რიგი საკვანძო პოსტები ეკავა: 2008 წლის ნოემბერიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იყო კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აღნიშნულ პერიოდში ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
2018 წელს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი იყო.
2020 წლის 15 დეკემბერს ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლისა და ყველა თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
გრიგოლ ვაშაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2019 წლის 24 მარტიდან იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0