იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

© Courtesy of Parliament of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
საქართველოს „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამეტაპიანია.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის მარტში ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების დეპუტატთა ხმების 2/3-ის ნაცვლად 3/5-ით არჩევის წესის ცვლილებას და ოპოზიციის კვოტით სათადარიგო თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის სამ კანდიდატს - მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს მოუსმინეს - კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს კანდიდატების ხედვა ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ ასევე უპასუხეს კანონმდებლების შეკითხვებს.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილ ცვლილებების თაობაზეც ისაუბრა.
კერძოდ, მისი თქმით, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში, ასევე შემაჯამებელი ოქმები ცესკოში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან პლანშეტების მეშვეობით გადაიგზავნება.
„როგორც ტრადიციულ, ისე მოდერნიზებულ უბნებზე გამოვიყენებთ პლანშეტებს. მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა იქ მყოფ ყველა უფლებამოსილ პირს, ოქმები პლანშეტების მეშვეობით ცესკოში გადაიგზავნება და გამოქვეყნდება ცესკოს ვებ-გვერდზე“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების მარკირების პროცედურა კვლავ შენარჩუნებული იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წარუდგინა.
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და კომისიის სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წელს ამოეწურა, თუმცა, მათ გააგრძელეს საქმიანობა, რადგანაც პარლამენტმა ახალი კანდიდატების დამტკიცება ვერ შეძლო.
საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაიკავებს თანამდებობს ცესკოში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
საქართველოს „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამეტაპიანია. პირველ კენჭისყრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი: საკონსულო რეგისტრაციის ბოლო ვადა ცნობილია>>>
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს. ის წარუდგენს პარლამენტს შერჩეულ კანდიდატებს კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება.
კალანდარიშვილის კანდიდატურა
ამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
მოქმედი კანონმდებლობით, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
არჩევნები-2024
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0