ქუთაისში 720დევნილი ოჯახისთვის სამი კორპუსი შენდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
სამინისტროს ცნობით, 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით ჯამში იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.
„დევნილთა განსახლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ", - განაცხადა სარჯველაძემ.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 ათას დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასამდე ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 900 მლნ ლარს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0