პრემიერმა „უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ტელედებატებში ელჩები გამოიწვია

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2024
გამოწერა
გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა, აღნიშნა კობახიძემ
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში საჯარო განხილვა შესთავაზა.
ამ დღეებში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძის ბერლინში ვიზიტის დროს იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გაითვალისწინებს ევროკავშირის კრიტიკას და არ მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - საპასუხოდ კობახიძემ ინიცირებული კანონპროექტის სასარგებლოდ საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა.
„ვთავაზობ აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას „კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ".
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს და ზრუნავს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაზე.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფასებს მოქმედი ელჩების ნაბიჯებსა და განცხადებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისკენ. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით, დასძინა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უცხოელი დიპლომატები აგრძელებენ აქტიურ მონაწილეობას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.
„ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, გარკვეულწილად დიპლომატების გაგებაც კი შეიძლება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება გაგებით ვერ მოეკიდება ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
„გასული დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
ამასთან, უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც ხელისუფლება უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ისმენს, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს.
„ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა", - განაცხადა პრემიერმა.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0