„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა: ლაზარე გრიგორიადისი ჯერჯერობით ციხეში რჩება

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, გრიგორიადსს შეიწყალებენ მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტზე თუ ორივე საქმეზე
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ადვოკატები ჯერ ისევ ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე.
პრეზიდენტმა გრიგორიადისი შეიწყალა, მაგრამ გადაწყვეტილებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია >>
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებს გრიგორიადისს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო, ასევე ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, - განაცხადა გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, გრიგორიადსს შეიწყალებენ მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტზე თუ ორივე საქმეზე. 2023 წლის სექტემბერში მას მამაზე ძალადობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ადრე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0