პრეზიდენტმი გრიგორიადისს შეიწყალებს, მაგრამ გადაწყვეტილებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება პრეზიდენტმა უფრო ადრე გადაწყვიტა, მაგრამ სასამართლოს განაჩენს ელოდებოდა.
თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არ დაველოდე არავის მოწოდებას, ასე რომ ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს, ხელი ჯერ არ მომიწერია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ავტომობილის დაწვისთვის დღეს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, პრეზიდენტმა უფრო ადრე გადაწყვიტა, მაგრამ სასამართლოს განაჩენს ელოდებოდა.
„ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა, სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი. გადავწყვიტე ათ საათსა და რამდენიმე წუთზე"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი დღეს დილით გამოიტანა.
მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა ლაზარე გირგორიადისი.
გასულ სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს.
ლაზარე გრიგორიადისის სახელი თბილისში მარტში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და შსს-ს მანქანა დაწვა. გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ადრე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0