საქართველომ და ჩინეთმა უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaილია დარჩიაშვილი და ჭოუ ციენი
ილია დარჩიაშვილი და ჭოუ ციენი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამის დოკუმენტს „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა.
„უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეთანხმება ახალ ბიძგს მისცემს საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ხალხებს შორის კონტაქტებს და ტურისტული, კულტურული, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღის მანძილზე შეძლებენ - შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines ზაფხულის სეზონზე საქართველოში ფრენების სიხშირის გაზრდას გეგმავს.
გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, დაიწყება დისკუსია თბილისსა და ჩინეთის უდიდეს ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ყველა ახალი ამბავი
0