დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" „შავი ფულით" „შავი ფულის" დაცვას ცდილობს
© Courtesy of Giorgi Chakvetadzeგიორგი ჩაკვეტაძე
© Courtesy of Giorgi Chakvetadze
გამოწერა
„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სოციალური ქსელ „ფეისბუქის" შემდეგ, რომელმაც „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების აუცილებლობის თაობაზე საინფორმაციო ბანერები დაბლოკა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ქუჩებში საინფორმაციო პლაკატების ჩამოხევით - „შავი ფულით" „შავი ფულის" დაცვას ცდილობენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გუშინ, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ფეისბუქში" ხელისუფლების საინფორმაციო ბანერები საქართველოში Meta-ის კონტრაქტორი კომპანიების მიერ მიწოდებული სპეკულაციური ინფორმაციის საფუძველზე დაიბლოკა.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მ, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„სამი დღეა აქტიური საინფორმაციო კამპანია მიდის. ჩვენი მხარდამჭერები თითოეულ მოქალაქემდე ცდილობენ სიმართლის მიტანას! „ნაცები" კი „ფეისბუქის" შემდეგ, ახლა ქუჩებში დაუპირისპირდნენ სიმართლეს. „შავი ფულით" „შავი ფულის" დაცვას ცდილობენ", - დაწერა სოციალურ ქსელში ჩაკვეტაძემ.
დეპუტატის თქმით, მას მთელი დღეა მეგობრები და მხარდამჭერები უგზავნიან ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ ხევენ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები საინფორმაციო პლაკატებს, რომელზეც განმარტებულია თუ რატომ არის ინიცირებული კანონპროექტი ევროპული.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით გაჩერდებიან საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერები, ამაში „ნაცების" არასამთავრობოები და მათი პატრონები ძალიან ცდებიან", - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
დეპუტატის თქმით, გასულ წელს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ მსგავსი რამ წელსაც გაგრძელდეს.
„ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ყოველ ჯერზე ღირსეულ პასუხს სცემენ და ასე გაგრძელდება მომავალშიც. გამჭვირვალობა მთავარი ევროპული ღირებულებაა, ცენზურის ადგილი კი, არც საქართველოში და არც ევროპაში არ არის!” - დაწერა ჩაკვეტაძემ.
მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებულ სკანდალურ კანონპრროექტში განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.