საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2024
გამოწერა
ბეტინა ბუგანის სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალი ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
იგი ხელმძღვანელის პოზიციაზე ევროკავშირის საბჭოს მიერ 2024 წლის 26 მარტს დაინიშნა და უფლებამოსილების შესრულებას 2024 წლის 1 აპრილს შეუდგა.
ბეტინა ბუგანი თბილისში 6 აპრილს ჩამოვიდა. იგი თანამდებობას 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი შეცვალა, რომლის მანდატიც გასული წლის 14 დეკემბრს ამოიწურა.
„მოხარული ვარ, მქონდეს პატივი, დავიწყო ჩემი საქმიანობა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. ჩემი პროფესიული კარიერის 35-ზე მეტი წლის განმავლობაში მამოძრავებდა უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ ერთგულება. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ხელმძღვანელობა მისიას დაეხმარება მისი ფუნქციის უკეთ აღსრულებაში, როგორიცაა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და თემებს შორის ნდობის აღდგენა,“ – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩამოსვლისას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ბეტინა ბუგანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი და აქვს დიდი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში.
მას ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში/ფრანგულ ჟანდარმერიაში. მანამდე ჩართული იყო სამშვიდობო საქმიანობაში, იყო პოლიციის კომისარი MINUSMA-ში (გაერო-ს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში).
EUMM - მშვიდობიანი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციის პროცესების მხარდაჭერას ახორციელებს. ევროკავშირის სამოქალაქო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში, ევროკავშირის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამოქმედდა.
EUMM საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. მისიაში ევროკავშირის 28 მონაწილე ქვეყანა თანამშრომლობს.
ყველა ახალი ამბავი
0