გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობა: ომბუდსმენი ციხეებში არსებულ ვითარებაზე

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
საქართველოში არსებული 13-ვე ციხე 82%-ით იყო შევსებული
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება, მათ შორის ციხეების გადატვირთულობა, ძალადობა და არაფორმალური მმართველობა, ნათქვამია სახალხო დამცველი ანგარიშში.
ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 2023 წელს, მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, აპარატის წარმომადგენლები 581 ვიზიტის დროს 1.703 მსჯავრდებულს ან დაკავებულს შეხვდნენ.
„გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები", - ნათქვამია ანგარიშში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ციხეები 80%-ით იყო შევსებული.
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის აზრით, სწორედ ციხეების გადატვირთულობასთანაა დაკავშირებული დაწესებულებაში არაფორმალური მმართველობის გაჩენა და პატიმრების მხრიდან ერთმანეთზე ძალადობა.
„სამწუხაროდ, რამდენიმე წელია ვერ ხერხდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ცალ-ცალკე განთავსება, რაც ხშირად მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, არაფორმალური მმართველობის შედეგად სხვა პატიმრების ძალადობის მსხვერპლი პატიმრები დაზიანებების მიზეზებს დაწესებულების ადმინისტრაციას და სამედიცინო პერსონალს არ უმხელენ.
იოსელიანმა როგორც აღნიშნა, ასევე პრობლემად რჩება დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება.
„ეს, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ომბუდსმენის თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პატიმართა მდგომარეობას დახურული ტიპის საპატიმროებსა და მაღალი რისკის მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც პატიმრებს აქვთ მხოლოდ ერთსაათიანი გასეირნების უფლება და დანარჩენ დროს საკნებში ატარებენ.
ომბუდსმენის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გლდანისა და ქუთაისის ციხეებში გაგრძელდა პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა, რაც, სახალხო დამცველის აპარატის აზრით, დამამცირებელი მოპყრობაა.
გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობას პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად სამოქმედო გეგმის შემუშავებას ურჩევს.
რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროსთვის: ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის გაზრდა; პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების წესის შეცვლა და სამარტოო საკანში მოთავსებულთა სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების დონის გაუმჯობესება; მცირე ციხეების კონცეფციის შემუშავება, ორ დახურული ტიპის ციხეში გასეირნების ადგილის შეცვლა და ციხეებში ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა.
კანონმდებლობით სახალხო დამცველი რეკომენდაციებს უშუალოდ ადრესატებს, ხოლო უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ სრულ ანგარიშს განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.
ყველა ახალი ამბავი
0