უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად მიიწვია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2024
გამოწერა
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. 26 მარტს „დინამო არენაზე" გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უეფას (ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას სახელით, ვიპ-პროგრამის ფარგლებში მიიწვია.
„თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში“. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი“, - აღნიშნულია უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.
როგორც ჩეფერინი წერს, უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება - ფასი 692 ლარიდან 2.780 ლარამდეა.
ეს მნიშვნელოვანია
საქართველოს აქვს F ჯგუფიდან გასვლის შანსი. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 24 ნაკრები იღებს. სულ ექვსი ჯგუფია, თითოეულში ოთხი გუნდი. საუკეთესო პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გადიან პლეი-ოფში. ექვსი სხვადასხვა ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი ასევე მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს. უძლიერესი მესამე გუნდების კვარტეტი განისაზღვრება დამატებითი მაჩვენებლებით, რომელთაგან პირველი ქულების მეტი რაოდენობაა.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0